miércoles, 23 de abril de 2014





ასე იწყებოდა ორსონ უელსის მიერ ეკრანიზირებული ფილმი “დონ კიხოტი” რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დაუმთავრებელ ფილმად ითვლება ამ ნაწარმოების ერთერთ საუკეთესო კინოადაპტაციადაა მიჩნეული. ასე რომ არც ისაა გასაკვირი, რომ ტრადიციულად სწორედ ამ ფილმის კადრებით იხსნება ხოლმე  მადრიდის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში სერვანტესის ამ უდიდესი ნაწარმოების საჯარო კითხვის ცერემონიალი, რომელიც ყოველი წლის 22 აპრილიდან 48 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს და ესპანური ენის მცოდნე უკლებლივ ყველა ეროვნების ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება.


მართლაც ძალიან საინტერესოა, რომ შუა საუკუნეების ეს ლა მანჩელი რაინდი არასოდეს კარგავს თავის პოპულარობას და მისი თავგადასავლები თუ გამონათქვამები დღესდღეობითაც არანაკლებ აქტუალურია და ამოუწურავი სიბრძნის მატარებელი. თუმცა გასაკვირი არაფერია თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ მრავალი მკვლევარი სერვანტესის ამ შედევრს ნარატიული-სტრუქტურული თვალსაზრისით თუ ინტერტექსტუალური ელემენტების სიუხვით, განიხილავს როგორც პირველ თანამედროვე ნაწარმოებს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა XX საუკუნის მეტაფიქციურ თხრობას.  

 ამბობენ „დონ კიხოტის“ ერთერთი პირველი მკითხველი საფრანგეთის იმდროინდელი დიპლომატი იყო, რომელიც ძალიან მოხიბლულა და პირადად გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები სერვანტესს. მწერალს მადლობა მოუხდია და ჩურჩულით უპასუხია: „საუბედუროდ ინკვიზიცია არსებობს, თორემ გარწმუნებთ, ეს რომ არა, ჩემი წიგნი კიდევ უფრო სახალისო იქნებოდაო“.


  
მაგრამ როგორც ამბობენ უცდომელი არავინააო და ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით ერთი ესეთი კურიოზიც არსებობს.
წიგნის პირველ ნაწილში სადაც ავტორი მოგვითხრობს, რომ სანჩო პანსას ვირი მოპარეს, სერვანტესს დაავიწყდება ეს ამბავი, და სულ რაღაც რამდენიმე გვერდის შემდეგ ეს ცხოველი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ისევ ჩნდება ნაწარმოებში და ბოლომდე თან ახლავს გმირს, თითქოს არაფერი მომხდარიყო. სერვანტესმა ამ შეცდომას მაშინ მიაგნო, როდესაც წიგნის დიდი ნაწილი უკვე გამოცემული იყო და მეტიც, ესპანელ დრამატურგს ლოპე დე ვეგას უკვე მოეწსრო  მისი გაშაყირებაც  თავის ერთერთ კომედიაში. თუმცა სერვანტესმა იხტიბარი არ გაიტეხა და წიგნის მეორე ნაწილში სანჩო პანსას ენით ყველაფერი გამომცებლობის დაუდევრობას გადააბრალა.


რა თქმა უნდა ეს პატარა ლაფსუსი, რაც ამ მწერალს გამოეპარა, როგორც ამბობენ წყალში წვეთიაო და ის სიბრძნე, რისი მატარებელიცაა ეს ლიტერატურული შედევრი დღესაც ხიბლავს თანამედროვე მკითხველს და ალბათ დიდი ხნის სტუმრობაც არაა საჭირო ამ მიწა-წყალზე, იმისთვის რომ ადამიანმა იგრძნო, თუ როგორ დასტრიალებს ესპანურ ქალაქებს დონ კიხოტის სული და არც ისაა გასაკვირი, რომ სწორედ ესპანეთში მოინდომა ამ ნაწარმოებზე აგებული დაუსრულებელი კინოფილმის ავტორმა ორსონ უელსმა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი ფერფლი მიმოეფანტათ. რა თქმა უნდა ამერიკელი რეჟისორის ეს უკანასკნელი სურვილი ასრულებულ იქნა.




No hay comentarios:

Publicar un comentario